18 წელი ტრაგედიიდან

ყველაფერი სამშაბათს დილას, ჩვეულებრივი სამუშაო დღის დასაწყისში მოხდა. ადგილობრივი დროით რვა საათსა და 45 წუთზე გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი “ბოინგ 757” ნიუ-იორკის ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის სამხრეთ კოშკს დაეჯახა და შენობის ზედა ნაწილი ხანძრის ალში გაახვია. სწორედ ამ “ბოინგში”, ოთხ თანამზრახველთან ერთად, იმყოფებოდა ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი მოჰამედ ატა. მათს გარდა თვითმფრინავში იყო 94 ადამიანი – მგზავრები და ეკიპაჟის წევრები.

მაგრამ იერიშები ამით არ ამოწურულა. ნიუ-იორკის თავდასხმებიდან სულ რამდენიმე წუთში, 9 საათსა და 43 წუთზე, მესამე გატაცებული თვითმფრინავი ვაშინგტონში, თავდაცვის სამინისტროს “პენტაგონად” წოდებულ შენობას დაეცა. ხუთი თვითმკვლელი ტერორისტის გარდა მასში კიდევ 63 ადამიანი იმყოფებოდა. მათთან ერთად დაიღუპა შენობაში მყოფი 125 ადამიანი. ამასობაში, ნიუ იორკში, ასობით მეხანძრე ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ალმოდებულ ცათამბჯენებში ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობასა და 417-მეტრიან კოშკებში მყოფთა გადარჩენას. მაგრამ კვამლმა და აუტანელმა სიცხემ, რომელიც ზოგან ცელსიუსით 1100 გრადუსს აღწევდა, ცათამბჯენების ზედა სართულებზე გამომწყვდეულ ადამიანებს შანსი არ დაუტოვა: ზოგმა მათგანმა, როგორც ერთ-ერთი თვითმხილველიც ადასტურებს, ფანჯრიდან გადახტომა ამჯობინა: ორი საათის მანძილზე როგორც ერთი, ისე მეორე 110-სართულიანი შენობა ნანგრევებად იქცა.

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი აშშ-ში 15 წლის წინ მოხდა. 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი შეიპყრეს, ორმა მათგანმა გეზი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებისკენ აიღო, ორი კი სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა — პენტაგონისა და სავარაუდოდ, თეთრი სახლის ან კაპიტოლიუმის მიმართულებით. ერთის გარდა ყველა თვითმფრინავმა, დასახულ სამიზნეს მიაღწია. მეოთხე ლაინერმა პენსილვანის შტატში კატასტროფა განიცადა.

11 სექტემბრის ტერაქტს 2977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 343 მგზავრი ად 60 პოლიციელი. დაღუპულად ითვლება ასევე 19 ტერორისტი, რომელთაგან 15 საუდის არაბეთის, ორი არაბთა გაერთიანებული საემიროების, ერთი ეგვიპტისა და ერთიც ლიბანის მოქალაქე იყო.

11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ციფრი უცნობია. 2006 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ზარალმა ყველაზე დაბალი შეფასებით, 500 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდამ“ 11 სექტემბრის ტერაქტს ამერიკის აგრესიული პოლიტიკაზე შურისძიება დაარქვა, რომელიც ისლამური ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული.

11 სექტემბრის შემდეგ ,ალ-ქაიდას” ლიდერი ოსამა ბინ ლადენი მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად და აშშ-ს სპეცსამსახურების მთავარ სამიზნედ გადაიქცა. მისი ლიკვიდაცია აშშ-მ ყველაზე მასშტაბური ტერაქტიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეძლო.

2011 წელს ნიუ იორკში 11 სექტემბრის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა, რომელიც ფორმით ზუსტად იმეორებს ტყუპი კოშკების ფუნდამენტის პერიმეტრს. მემორიალზე ტრაგედიის მსხვერპლთა გვარებია ამოტვიფრული.

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით, 2001 წლის 11 სექტემბერს პირველი თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ ცათამბჯენს 08:46 საათზე შეეჯახა. სამხრეთის ცათამბჯენთან შეჯახება 09:03 საათზე მოხდა. კიდევ ნახევარ საათში ერთი თვითმფრინავი პენტაგონს დაეჯახა, ხოლო მეოთხე ბოინგმა, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, თეთრი სახლი ან კონგრესის შენობა იყო, დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია. თვითმფრინავის მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ლაინერი პენსილვანიაში ჩამოვარდა.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევების ქვეშ 2 ათას 800 ადამიანზე მეტი დაიღუპა მსოფლიოს 86 ქვეყნიდან. საერთო ჯამში, თვითმფრინავის მგზავრებიანად 11 სექტემბერის ტერაქტებმა, დაახლოებით, 3000 ადამიანი შეიწირა. დაშავდა ათობით ათასი ადამიანი.

ამ მოვლენებმა თანამედროვე ამერიკის ისტორია ორ ნაწილად გაყო: 11 სექტემბრამდე და 11 სექტემბრის შემდეგ.

2753 დაღუპულიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641—ტერაქტის დროს დაღუპული 2753 ადამიანიდან 16 წლის შემდეგ იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641, აქედან 77% იყო კაცი, 23% – ქალი. დაღუპულების საშუალო ასაკი 38,5 წელია. ტერაქტის დროს დაიღუპა 5 წლამდე ასაკის სამი ბავშვი და 80 წელზე მეტის – სამი პენსიონერი.

11 სექტემბრის ყველაზე პატარა მსხვერპლი 2 წლის კრისტინ ჰენსონია, რომელიც მშობლებთან ერთად დისნილენდში მიფრინავდა. 2001 წლის 11 სექტემბერს 3 051-მა ამერიკელმა ბავშვმა დაკარგა მშობლებიდან ერთი ან ორივე. ტერაქტს ემსხვერპლა 86 სახელმწიფოს მოქალაქე. მათგან ყველაზე ბევრი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე (67 ადამიანი) აღმოჩნდა. ნანგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ 20 ადამიანი ამოიყვანეს. ნიუ იორკის სახანძრო დეპარტამენტმა დაკარგა 343 თანამშრომელი; ქალაქის პოლიციამ – 122 ადამიანი: 23 ოფიცერი უშუალოდ თავდასხმის დროს დაიღუპა, კიდევ 99 – მიღებული ტრავმებისგან.

სამძებრო სამაშველო სამუშაოებში 300-მდე მაშველი ძაღლი მონაწილეობდა. მათგან ბოლო, ოქროსფერი რეტრივერი ბრეტანი 2016 წლის ივნისში მოკვდა. ის სპეციალური პატივით, სალუტით და აშშ- ის დროშაში გახვეული დაკრძალეს.

ნანგრევების გატანას 261 დღე, ხანძრის კერების ჩაქრობას – 9 დღე დასჭირდა. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენების ნგრევას 2,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. შენობების ნგრევის დროს განადგურდა 1337 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის სახანძრო სამსახურის 91 მანქანა. “ტყუპებთან” ერთად დაინგრა 47-სართულიანი შენობა (Building 7), რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ნაწილი იყო. მას, რატომღაც, იშვიათად ახსენებენ.

ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ნაგვის გატანა 261 დღეს გაგრძელდა. ნანგრევების ტერიტორიაზე ხანძრის კერების ჩაქრობას 9 დღე დასჭირდა.
სანაგვეზე გატანილი ლითონის კონსტრუქციები, საბოლოო ჯამში, ჩინეთში და ინდოეთში გაიყიდა. ჩინურმა ფირმა Baosteel-მა 50 ათასი ტონა ლითონი იყიდა (ერთი ტონა – 120 დოლარად). დღეს, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილზე 09/11 ტერაქტში დაღუპულთა მემორიალი და მუზეუმია.

2001 წლის 11 სექტემბერის შემდეგ, ნიუ იორკის 33 ათას მცხოვრებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც, ჩვეულებრივ “ცხელ წერტილში” მოხვედრილ ადამიანებს ემართებათ.
კიდევ ერთი სტატისტიკის მიხედვით, 11 სექტემბრის ტერაქტის პირველი კვირაში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით მანჰეტენზე ალკოჰოლის მოხმარება 25%-ით გაიზარდა; ასევე გაიზარდა თამბაქოს მოხმარება 10%-ით, მარიხუანის – 3.2%-ით, ეკლესიებში სიარულის მსურველთა რაოდენობა კი 20%-ით. ხელისუფლებამ 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთა ოჯახების 97%-ს დახმარების სახით 7 მილიარდი დოლარი გადაუხადა.

იღბლიანები და უიღბლოები — 2001 წლის 11 სექტემბერს “ტყუპებში” უნდა გამართულიყო მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მფლობელი კომპანიის მმართველი რგოლის თათბირი. მაგრამ შეკრება, ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე, ერთ-ერთი მონაწილის ავადმყოფობის გამო გადაიდო.

მას შემდეგ, რაც პირველი თვითმფრინავი ჩრდილოეთის ცათამბჯენს დაეჯახა, სამხრეთის ცათამბჯენში ადამიანები შენობის დატოვებას შეეცადნენ, მაგრამ მათ ადგილებზე დარჩენა ურჩიეს. ისინი, რომლებმაც რჩევას არ დაუჯერეს და გასასვლელისკენ გაემართნენ, დაცვის თანამშრომლებმა მაინც უკან გააბრუნეს. მათგან დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა.

ოფიცერი ჯონ პერი თავის განყოფილებაში პოლიციიდან წასვლის შესახებ განცხადებას წერდა, როდესაც თავდასხმის თაობაზე გაიგო და “ტყუპებისკენ” დაშავებულთა დასახმარებლად გაემართა. ის ადგილზე იყო, როდესაც ერთ-ერთი ცათამბჯენი ჩამოინგრა, ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა. ჯონ პერი ერთადერთი დაღუპული ოფიცერია, რომელიც იმ დღეს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

ტერაქტს საინვესტიციო ბანკის Cantor Fitzgerald Settles-ის თანამშრომელთა 75% ემსხვერპლა. კომპანიას ოფისი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში ჰქონდა. ბანკმა “ამერიკის ავიახაზებს” სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ მან თავის ავიალაინერებში ტერორისტების მოხვედრა დაუშვა. სასამართლომ ბანკის სასარგებლოდ ავიაკომპანიას 135 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში მოქმედი მუსლიმთა გაერთიანების (თჰე Aჰმადიყყა Mუსლიმ ჩომმუნიტყ) წევრებმა ტერაქტის შედეგად დაშავებულებისთვის 5285 ლიტრი სისხლი გაიღეს, რამაც 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

სტატია გამოქვეყნდა გაზეთ ცნობის ფურცელის მეხუთე ნომერში. თუ გსურთ სტატიები და სიახლეები იმაზე ადრე წაიკითხოთ ვიდრე ჩვენს გვერდზე განთავსდება, გამოიწერეთ ან შეიძინეთ გაზეთი ბრაიტონის ჯიხურებში.

Facebook Comments