Covid19 – როდის უნდა მივმართოთ სამედიცინო დახმარებას

Photo by cottonbro on Pexels.com

კორონავირუსით დაინფიცირებული, მსუბუქი სიმპტომების მქონე პირები, ვისაც არ აქვს გულის, ფილტვის ქრონიკული დაავადება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ან ძლიერად დასუსტებული იმუნური სისტემა, უნდა დარჩნენ სახლში და დააკვირდნენ დაავადების მიმდინარეობას.
ამიტომ, თუ კორონავირუსი დაგიდგინდათ, არ შეშინდეთ, გაითვალისწინეთ,რომ დაავადება უმრავლეს შემთხვევებში მსუბუქად მიმდინარეობს და არ საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას.

ჩათვალეთ, რომ გაქვთ გრიპი და მოიქეცით ისე, როგორც გრიპის დროს მოიქცეოდით – მიიღეთ თბილი სითხეები, აკონტროლეთ ტემპერატურა, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მიიღეთ ტაილენოლი (აცეტამინოფენი, პარაცეტამოლი) ყოველ 6 საათში ერთხელ. გაითვალისწინეთ, რომ ტაილენოლის გახანგრძლივებული პერიოდით და დიდი დოზებით მიღებამ შესაძლოა ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს, ამიტომ მიიღეთ მხოლოდ რეკომენდირებული დოზა (მაქსიმუმ 1 000 მგ ერთი დოზა და მაქსიმუმ 4 000 მგ დღეში).

თუ მარტო არ ცხოვრობთ, აუცილებელია სხვა პირებთან კონტაქტის შეზღუდვა, ცალკე ოთახში იზოლირება, ოთახის ხშირად განიავება, ზედაპირების ხშირი წმენდა, თუ შესაძლებელია ცალკე ტუალეტის გამოყენება ან გამოყენების შემდეგ მისი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება.

რა დროს უნდა მოითხოვოთ სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალში გადაყვანა: თუ დაგეწყოთ სუნთქვის გაძნელება, მკერდში მუდმივი ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება, დაბნეულობა, გამოთვიძების გაძნელება, მკლურჯო ფეტის სახე და ტუჩები. ასევე, თუ ნებისმიერი სხვა, უკვე არსებული სიმპტომი მკვეთრად გაუარესდა; თუ იმდენად სუსტად გრძნობთ თავს, რომ ტუალეტამდე გადაადგილებაც არ შეგიძლიათ.

ძალიან გთხოვთ, მოერიდეთ ტაილენოლის გარდა სხვა მედიკამენტებით თვითმკურნალობას. როგორც ვთქვი, იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა დამძიმდა, ისედაც აუცილებელია ჰოსპიტალში მკურნალობის გაგრძელება, სადაც მდგომარეობის მიხედვით მოგეცემათ შესაბამისი პრეპარატები. თვითმკურნალობას, სხვადასხვა ექსპერიმენტული წამლების ექიმის მეთვალყურეობის გარეშე გამოყენებას ტრაგიკული შედეგი მოაქვს. სამწუხაროდ, ამისი მაგალითები უკვე არსებობს.

დავფიქრდეთ, სანამ სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებს თუ პროტოკოლებს შევთავაზებთ ადამიანს, რომელიც სასოწარკვეთილია, ვერ ახერხებს პრობლემაში ღრმად ჩახედვას და დახმარებას ითხოვს.
რაც შეეხება ვიტამინების გამოყენებას კორონავირუსის სამკურნალოდ – ვიტამინი ც, ვიტამინი დ და ზინკი(თუთია) ეფექტური და რეკომენდირებულია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ვირუსების პრევენციისთვის, გაციების სამკურნალოდ, რისი სამეცნიერო მტკიცებულებებიც არსებობს, თუმცა, მათი გამოყენება ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ, სამწუხაროდ, შედეგს არ მოგცემთ.

Keti Shavliashvili

Facebook Comments