ICE-იმ 35 იმიგრანტი დააკავა და განმარტავს თუ რატომ დააკავეს ასე ცოტა

რედაქტორის სვეტი

ყველას გემახსოვრებათ ალბათ, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ როგორი ინტენსივობითა და შემართებით ანონსდებოდა უსაბუთო იმიგრანტებისა და განსაკუთრებით იმათი დაკავებისა და დეპორტაციის პროცედურის დაწყება, ვისც სასამართლო განჩინება ჰქონდა დეპორტზე.

თუმცა ეს ასე არ მოხდა, და ბოლო მონაცემებით საიმიგრაციო პოლიციის ივლისის თვის რეიდებისას დაკავებულ იქნა და მზად არიან დეპორტისთვის 35 უსაბუთო იმიგრანტი. ამ 35 დაკავებულ პირში ასევე შედის განჩინების მქონე იმიგრანტების ოჯახის წევრები. განიცადა თუ არა ფიასკო საიმიგრაციო პოლიციამ ამაზე ნაადრევია ჯერ საუბარი, თუმცა ფაქტია რომ ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებები და ადგილობრივ ხელისუფალთა ძალისხმევით, საიმიგრაციო პოლიციამ ვერ შეასრულა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული “გეგმა”.

თუმცა, ამ დღეებში გავრცელდა საიმიგრაციო პოლიციის უფროსის მეთიუ ელბენსის განცხადება, სადაც ის განმარტავს დაბალი მაჩვენებლის ფატქორებს.

ეს ყველაფერი არის დასაწყისი იმ დიდი დაკავებების, რომელიც სულ მალე განხორციელდება, ჩვენ გავაგრძელებთ რეიდებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ICE- ხელმძღვანელი მეთიუ ელბენსი.

მეთიუ ელბენსი ასევე განმარტავს, თუ რატომ მოხდა ასე ცოტა ადამიანის დაკავება. მან მედიას დასდო ბრალი და განაცხადა რომ მედიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. რეიდების მედია დაფარვა საკმაოდ ფართო იყო, და შეიძლება ითქვას ბევრი იმიგრანტი მომზადებული და ან გაფრთხილებული შეხვდა რეიდებს, რის გამოც ისინი გამოიკეტნენ სახლებში და მათი დაკავება გართულდა. ელბენსი ასევე აცხადებს რომ შემდეგი დაკავებების სერია მედია ხმაურის გარეშე დაიწყება, რაც მნიშვნელოვანია საიმიგრაციო პოლიციის ეფექტიანი მუშაობისთვის.

ბატონი ელბენსი ასევე ბრალს სდებს იმ საინიციატივო თუ ორგანიზებულ ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ იმიგრანტებთან და აცხადებს რომ მათ მიერ მოხდა იმიგრანტების მობილიზება, რის გამოც გაცილებით ნაკლები ადამიანი მოხვდა ICE-ის იზოლატორებში.

თავის მხრივ პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს რომ საიმიგრაციო პოლიცია ძალიან კარგად მუშაობს და ისინი ათასობით უსაბუთო იმიგრანტს აკავებენ და ადეპორტებენ, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაცია გახლავთ.

სექტემბრიდან ქვეყანა ჩაერთვება წინასაარჩევნო მარათონში და მედია ექსპერტების აზრით ტრამპის ასეთი ცრუ განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებისწინა რბოლის ნაწილია და ის ცდილობს მისი ამომრჩევლების გულის მოგებას, რომელთათვისაც უსაბუთო იმიგრანტების თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ზედმეტად მგრძნობიარენი არიან ამ თემის მიმართ.

რა მნიშვნელობა აქვს ქართული სათვისტომოსათვის საიმიგრაციო პოლიციის რეიდებს? როგორც ვიცით, ბევრი ქართველი უსაბუთო იმიგრანტის სახელზე არის გამოწერილი დეპორტის ცნობა, თუმცა ისინი არ ჩქარობენ შტატების დატოვებას და ცდილობენ დაიმალონ, რაც სავსებით ლოგიკურია ასეთ სიტუაციაში. მაგრამ როგორც საიმიგრაციო პოლიცია აცხადებს ისინი არამხოლოდ იმათ აკავებენ ვისზეც არსებობს სასამართლო განჩინება, არამედ იმათაც ვინც შემთხვევით აღმოჩნდება ამ დაკავების ადგილას. კოლატერალურ დაკავებებზე ICE-ის მაღალაჩინოსნებიც ლაპარაკობენ და ამბობენ რომ ამაში არაფერია უცნაური და რომ ისინი კანონს აღასრულებენ.

ქართულ სათვისტომოში გავრცელებულია მოსაზრება რომ აკავებენ მხოლოდ იმათ ვისაც კრიმინალური წარსული აქვს ან “აღრიცხვაზე იმყოფება” რაც აბსოლუტური აბსურდია. რატომ? დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი პირი ვინც არღვევს სავიზო რეჟიმს ავტომატურად კრიმინალია, რადგანაც ფედერალურ საიმიგრაციო კანონს არღვევს და შესაბამისად ფედერალური სახელმწიფოსთვის ყველა ასეთი პირი არის კრიმინალი და მათი დეპორტაცია უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა არსებობს სხვაობა მკვლელებსა და ქურდებს შორის, თუმცა ნურავის დაუჯერებთ ვინც გეტყვით რომ სავიზო რეჟიმის დარღვევა და უსაბუთოთ ყოფნა არ არის კრიმინალი – ისინი უბრალოდ თქვენი კეთილის მსურვლები არ არიან და “ბაიბურში” არ არიან რა და როგორ მუშაობს ამ ქვეყანაში.

ჩვენი რედაქცია ბევრჯერ დაუდანაშაულებიათ, რომ ჩვენ ვაშინებთ იმიგრანტებს და ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელებით ვავნებთ ადამიანებს, თუმცა სიმართლეს რომ არ შეესაბამება მათი ასეთი განცხადებები ზედა აბზაცებში კარგად ჩანს. ძვირფასო იმიგრანტებო, გთხოვთ უბრთხილდეთ ასეთ ადამიანებს, რომლებიც გამშვიდებენ და მოგიწოდებენ არ დაუჯეროთ განცხადებებს, რომელიც ეხება რეიდებსა თუ საიმიგრაციო პოლიციის სხვადასხვა აქტივობებს. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ყველა დეტალსა და ინფორმაციას, რადგანაც გამოცდილება გვანახებს რომ ინფორმირებული ადამიანი უფრო ძლიერია და არაინფორმირებული – მოწყვლადი.

Facebook Comments