ტრამპის ახალი რეგულაციის განმარტება

რედაქტორის სვეტი

საიმიგრაციო სააგენტოს პრეს-რელიზის ინგლისური ვერსია ნახეთ აქ
რეგულაციის სრული და ახალი ტექსტის სანახავად რომელიც გამოქვეყნებულია ფედერალურ რეესტრში ნახეთ აქ

როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი რეგულაციის ამბის გავრცელებას მოყვა შფოთი სათვისტომოში და სამწუხაროდ ცოტას თუ აქვს რეალური ინფორმაცია თუ რა წერია ამ დოკუმენტში და ვის შეეხება ის ან ვის არ შეეხება. სამწუხაროდ, იმიგრანტთა ჯგუფებში აზრთა სხვადასხვაობაა და რამდენი წევრიც არის ჯგუფში იმდენი განსხვავებული აზრია ამ რეგულაციაზე. თუმცა, არსებობს დოკუმენტი, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ბევრმა იმიგრანტმა არ იცის საკანონმდებლო ინგლისური ენა, უფრო და უფრო რთულდება ჭორის სიმართლისგან გარჩევა. სწორედ ამიტომაც, გადაწყდა რომ გამოვაქვეყნოთ მარტივი ენით ახსნილი სტატია.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ახალმა ინიციატივამ დიდი აურზაური გამოიწვია, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და მიუხედავად იმისა რომ უკვე 14-მა შტატმა შეიტანა სარჩელი აშშ-ს უზენაეს სასამართლოში, რეგულაცია ძალაში რჩება და მისი აღსრულება დაიწყება რეგულაციის გამოქვეყნებიდან 60 დღის შემდეგ, ანუ 15 ოქტომბერს. ბევრ იმიგრანტს აინტერესებს ვისზე გავრცელდება ეს რეგულაცია და რა გავლენას იქონიებს მათ საიმიგრაციო პროცესზე. რეგულაცია პირველად 1882 წელს მიიღო კონგრესმა, თუმცა მეორე ცვლილება 1996 წელს პრეზიდენტ ქლინთონის ადმინისტრაციამ შეიტანა. ხოლო 1996 წლის რედაქციისგან განსხვავებით, ახალ ვერსიაში ვხვდებით ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებას, როგორიც არის უკუძალა. ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ასაჩივრებენ შტატები ამ რეგულაციას, გახლავთ უკუძალა. იმიგრანტთა უფლებადამცველები აცხადებენ, რეგულაცია უსამართლო და რომ აშშ-სა და უმრავლესი ქვეყნების კანონმდებლობა გამორიცხავს რეგულაციის/კანონის ან წესის უკუძალის ფუნქციას.

დავიწყოთ იმით, თუ ვისზე არ გავრცელდება ეს რეგულაცია. თუ ადამიანი არის ვიზის გახანგრძლივების აპლიკანტი ანდა დროებითი ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის კანდიდატი და ხვდება ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიაში მაშინ ეს რეგულაცია არ გავრცელდება მასზე.

  • ნებისმიერი 21 წლამდე ადამიანი.
  • თავშესაფრის მაძიებელი (ყველა კატეგორიის)
  • ორსული ქალები.
  • სამხედრო და რეზერვის მოსამსახურეები და მათ მეუღლეები ან შვილები.
  • ტრეფიქინგის მსხვერპლი.
  • უცხოეთში ნაშვილები პირები.
  • შშმ პირები.
  • სასკოლო პროგრამების მონაწილეები.
  • ნებისმიერ იმ პირზე, რომელიც მიიღებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
  • U და T ვიზის მფლობელები
  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლები.
  • მოხუცები, რომლებიც სააფთიაქო ფასდაკლებას იღებენ მედიქ-ეიდის ფარგლებში.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორია მიიჩნევა საპატიო მიზეზად, ხოლო თუ იმიგრანტი არ ხვდება ამ კატეგორიებში, საიმიგრაციო სააგენტო ითხოვს მისგან რომ იყოს თვითკმარი და ეკონომიკურად მდგრადი სიტუაციით.

ახლა რაც შეეხება იმათ, ვისზეც გავრცელდება ეს რეგულაცია. როგორც Migration Policy Institute აცხადებს, ეს რეგულაცია შეეხება მწვანე ბარათის კანდიდატების ნახევარზე მეტს, მაგალითისთვის ორგანიზაცია აცხადებს რომ 2016 წელს იყო 800,000 კანდიდატი, ანუ უხეში გამოთვლებით, რეგულაცია შეეხება ნახევარ მილიონამდე მწვანე ბარათის განმცხადებელს. ორგანიზაციის მონაცემებით, 7 იმიგრანტიდან ერთი (ან მისი ოჯახის წევრი) იღებს ან იღებდა წარსულში სახელმწიფოსგან რაიმე ტიპის დახმარებას. 2018 წლის ოქტომბერში ახალი რეგულაციის ანონსის შემდეგ, 26 მილიონამდე ადამიანმა უარი თქვა სხვადასხვა საბიუჯეტო სიკეთეებზე. ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად იმიგრანტთა საერთოდ რაოდენობის 8.8% გახლავთ საბიუჯეტო სიკეთების მიმღები. სავარაუდოა რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება.

რეგულაციის მიხედვით თუ უკანასკნელი 36 თვის განმავლობაში, 12 თვეზე მეტ ხანს მიგიღიათ რაიმე სახის დახმარება თქვენ უარი გექნებათ მწვანე ბარათზე, და თუ ერთი ოჯახიდან 2 ან მეტი ადამიანი იღებდა რომელიმე საბიუჯეტო სიკეთეს, მაშინ დაანგარიშდება მარტივი შეკრების პრინციპით – ანუ, 1 ადამიანი იღებს საბიუჯეტო სიკეთეს და ეს იქნება ერთი თვე, თუ მისი ოჯახის წევრიც მიიღებს რაიმე სიკეთეს მაშინ მათი ჯამი იქნება 2 თვე, ჯამში კი, თუ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრს მთელი წლის განმავლობაში გქონდათ მაგ: “უფასო დაზღვევა” სააგენტო დაიანგარიშებს არა როგორც 12 თვეს არამედ როგორც 24 თვეს. ეს ფორმულა ავტომატურად გამოგრიცხავთ მწვანე ბარათის კანდიდატობიდან.

განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება თუ გაქვთ მუშაობის უფლება, თუმცა არ ხართ დასაქმებული და არც სწავლობთ სრულ განაკვეთზე. ასევე, თუ დაგიდგინდათ რაიმე ტიპის დაავადება, რომელიც მომავალში ხელს შეგიშლით დასაქმებაში და მუშაობაში. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გართულებებისა, სააგენტოს ოფიცრებს მიეცათ უფლება გამოიყენონ გირაო. თუ ოფიცერი ჩათვლის რომ აპლიკანტი შეიძლება გახდეს სახელმწიფოს სარჩენი და საბიუჯეტო სიკეთეების პოტენციური მიმღები, მაშინ ოფიცერს შეუძლია აპლიკანტს შეუფარდოს გირაოს სახით მინიმუმ 8,100$. თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება აპლიკანტის გარემოებებზე. გირაოს თანხა დაუბრუნდება აპლიკანტს, როდესაც ის გახდება მოქალაქე, ან გადაწყვეტს რომ მიატოვოს პროცესი, აპლიკანტის გარდაცვალების შემთხვევაში ფული დაუბრუნდება ოჯახს.

იმ პირებს ვისაც უკვე აქვთ მიღებული მწვანე ბარათი, მათზე არ გავრცელდება ეს რეგულაცია, თუმცა ნატურალიზაციის პროცესის წამოწყებისას, საიმიგრაციო სააგენტოს ოფიცერმა შეიძლება მოითხოვოს საქმის გამოძიება და ჩაეძიოს აპლიკანტის საიმიგრაციო ისტორიას, რის შემდეგაც ოფიცერი გადაწყვეტს ეკუთვნის თუ არა აპლიკანტს აშშ-ს მოქალაქეობა.

Facebook Comments