შემოდგომის ბუნიობა 09/23

23 სექტემბერს დედამიწაზე ყოველწლიური ასტრონომიული მოვლენა, შემოდგომის ბუნიობის პერიოდი დგება, დღე და ღამე პრაქტიკულად თანაბარი გახდება. მომდევნო დღეს კი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დღე უფრო ხანგრძლივი იქნება, სამხრეთში კი – პირიქით. ჩვენი პლანეტის ეკვატორის სამხრეთით გაზაფხული დადგება, ხოლო ჩრდილოეთით შემოდგომა.

ბუნაობა არის მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს წელიწადში ორჯერ (20 მარტს და 23 სექტემბერს). 20 მარტსა და 23 სექტემბერს მზე ეკვატორის მიმართ ზენიტშია, რის გამოც ჩრდილოეთი და სამხრეთი ნახევარსფეროები სინათლისა და სითბოს თანაბარ რაოდენობას იღებენ. ბუნიობის დღეები ასევე დღე-ღამური ტოლობის დღეების სახელითაცაა ცნობილი.

მნიშნელოვანია არ აგვერიოს ბუნიობა ნაბუნიობასთან. ბუნიობა მარტსა და სექტემბერშია, ხოლო ნაბუნიობა ივნისსა და დეკმებერში. ნაბუნიობისას ეკვატორის სამხრეთით დღე უფრო გრძელია ვიდრე ჩრდილოეთით, სწორედ ამიტომ, ნაბუნიობისას ხდება საათის გადაწევა. ზამთრის ნაბუნიობა იწყება 21 დეკემბერს, ამ დროს ყველაზე გრძელი ღამეა. ხოლო ივნისის ნაბუნიობა არის 21 ივნისს, და ამ დროს ყველაზე გრძელი დღე გვაქვს. სწორედ ეს 4 ასტრონომიული მოვლენა განაპირობებს წელიწადის დროებს.

მანამ, სანამ ასტრონომიული მოვლენების კომპიუტერული და ციფრული გამოთვლა გახდებოდა შესაძლებელი, სწორედ კაბადონზე დაკვირვებით ხდებოდა სხვადასხვა რელიგიური თუ საერო მნიშვნელოვანი თარიღის გამოთვლა და აღნიშვნა, მაგალითად: რთველის, აღდგომის, ხვნის და თიბვის და სხვ. პირველი ქრისტიანები სწორედაც რომ მთვარეზე დაკვირვებითა და მისი კალენდარის დახმარებით ადგენდნენ დღესასწაულებს, აღდგომის თარიღსა და მარხვებს. ბუნიობის დღე, ერთერთი იმ მნიშვნელოვან დღეს შორის იყო, რომელიც ყველასთვის ასე ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. ახლა კი მოკლედ მიმოვიხილოთ ზოგადად ბუნიობა და მისი მნიშვნელობა ჩვენს ისტორიაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პირველი მსოფლიო კრების (325წ) მერე დადგინდა, რომ აღდგომა უნდა აღინიშნოს პირველ კვირა დღეს გაზაფხულის სავსემთვარეობის მერე, რომელიც დგება გაზაფხულის ბუნიობის (დღე-ღამ ტოლობის) დღეს ან მერე, და თუ ეს კვირა დღე მოსდევს იუდეური პასექის დღესასწაულს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღდგომის დღესასწაული გადაიტანება მომდევნო კვირა დღეს. აქ ერთი საინტერესო ფაქტი უნდა აღინიშნოს: ეკლესიის მამებს ნიკეის კრებაზე არ დაუდგენიათ აღდგომის ზუსტი გამოთვლის წესი, არამედ დაადგინეს, რომ ალექსანდრიის ეპისკოპოსს ენიჭებოდა პატივი გამოეთვალა აღდგომა და ამის შესახებ შეეტყობინებინა დანარჩენ ეკლესიებისათვის, რომლებსაც ეს თარიღი უნდა გამოეყენებინათ. ალექსანდრიის ეკლესიის არჩევა შემთხვევითი როდი იყო: სწორედ აქ ყვაოდა მეცნიერება და, განსაკუთრებით, ასტრონომია.

დავუკვირდეთ იმას, რომ ათვლის დღედ იყო გამოყენებული გაზაფხულის ბუნიობა, რაც მაშინ იყო 21 მარტი არსებული იულიანური კალენდრის (ძველი სტილის) მიხედვით. უკვე 1324 წელს ბიზანტიელმა მეცნიერმა ნიკიფორ გრიგორმა შენიშნა, რომ გაზაფხულის ბუნიობა აღარ ხდებოდა 21 მარტს და შესაბამისად საჭირო იყო კალენდრის და აღდგომის დღის შესწორება. მან ამაზე იმპერატორ ანდრონიკ მე-2 მიმართა, მაგრამ ვერ დაითანხმა იმ მიზეზის გამო, რომ კალენდრის შესწორებას შეეძლო გამოეწვია შფოთი ცალკეულ ეკლესიებს შორის. საგულისხმოა, რომ კალენდრის უზუსტობაზე მიანიშნებდნენ სხვა ბიზანტიელი მეცნიერებიც: მათე ვლასტარი და ისააკ არგირი. მათაც უარი მიიღეს კალენდრის რეფორმის ჩატარებაზე.

ახალი სტილის (გრეგორისეული კალენდარი ანუ ახალი და დღევანდელი სტილი) შემოღებამ გაზაფხულის ბუნიობა ისევ დააბრუნა თავის ადგილას, ანუ, უბრალოდ რომ ვთქვათ, ახლაც, გაზაფხულის ბუნიობა ხდება 20-21 მარტს ახალი სტილით. თუმცა ძველი სტილით (იულიანური კალენდარი) ბუნიობა (21 მარტი) 13 დღით ჩამორჩება ნამდვილ ბუნიობას. ეს არის ფაქტი და ამაზე დავა არ არის საჭირო. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, შეუძლია აიღოს საათი და მთელი წლის განმავლობაში გაზომოს ყოველი დღის და ღამის ხანგრძლივობა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – იულიანური კალენდარი 21-ე საუკუნეში არსებულ რეალობას აღარ შეესაბამება.

საინტერესო ინფორმაცია: შემდეგი ციტატა გვიჩვენებს, თუ რატომ არის ასტრონომიულად ბუნიობა ასეთი მნიშვნელოვანი:
ასტრონომიულად გაზაფხულის ბუნიობა შეესაბამება წელიწადის იმ პერიოდს, როდესაც მთელს დედამიწაზე (ორივე ნახევარსფეროში) დღის და ღამის სიგრძე ერთმანეთს უტოლდება და პოლარული ღამე მთავრდება. ამ მოვლენის მნიშვნელობა ამ პერიოდში იმაშია, რომ დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება არც ერთი ადგილი, რომელიც არ იყოს განათებული მზის სხივებით დღის განმავლობაში. ამას ემატება ისიც, რომ სავსემთვარეობის დადგომის დროს ამ პერიოდში, მთვარე რომელიც დედამიწის დაბნელებულ ნაწილშია აირეკლავს რა მზის სხივებს ანათებს დედამიწის ამ დაჩრდილულ ნაწილსაც. ანუ, მთელი პლანეტა არის განათებული (გარკვეული ცდომილების ფარგლებში).

მასალა მომზადებულია, პარიზის წმ. სერგის მართლმადიდებელი სემინარიის, ლიტურგიკის ლექტორის – ნიკოლას ოსერგუინის “ატრონომიული მოვლენები და ეკლესია”-ს ნაშრომის გამოყენებით.

Facebook Comments