როგორ ვისწავლოთ NYS კოლეჯებში უფასოდ?

ნიუ იორკის შტატი ერთ-ერთია იმ შტატების მცირე ჩამოანათვალიდან, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს უფასო სწავლას, რას ნიშნავს უფასო სწავლა და როგორ უნდა მოიპოვოთ სტიპენდია?

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ ამ საკითხებს, თუმცა მხოლოდ ლეგალური სტატუსის მატარებელი სტუდენტების თემას შევეხებით, რადგანაც უსაბუთო სტუდენტებისთვის ცალკე სტატია დაიწერება, რომელიც საკმაოდ ვრცელია და ვერ დავტევთ ერთ სტატიაში.

ნიუ იორკის შტატში, 2018 წლიდან შტატის ხარჯზე შესაძლებელია უფასოდ სწავლა რაც ნიშნავს რომ თქვენ შეგიძლიათ ბაკალვრის ხარისხის (120 კრედიტი), ანდა სხვა ნებისმიერი პროფესიული სასწავლებელის ორწლიანი სასერტიფიკატო დიპლომის (60 კრედიტი) აღება. ამ სტიპენდიას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ აპლიკანტი შეიძლება იყოს 18 წლიდან 80 წლამდე.

იმისათვის, რომ შეძლოთ და ნიუ იორკის შტატისგან მიიღოთ სტიპენდია (Excelsior Scholarship Program), რომელიც 100% დაგიფინანსებთ სწავლას CUNY (The City University of New York) და SUNY-ში (State University of New York) შემავალ სასწავლო დაწესებულებებში, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს; არ უნდა გქონდეთ ბაკალავრის დიპლომი(გაცემული შტატებში), უნდა იყოთ შტატის რეზიდენტი მინიმუმ და უწყვეტად, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, თქვენს ოჯახს, ჯამში ჰქონდეს წლიური შემოსავალი არაუმეტეს 125,000 დოლარისა, გქონდეთ მწვანე ბარათი ან იყოთ მოქალაქე (უსაბუთო იმიგრანტთა განათლების შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ) თავშესაფრის მაძიებელი, რომლის “ქეისი” არის ინტერვიუს მოლოდინის რეჟიმში ვერ ისარგებლებს ამ სტიპენდიით. ასევე, არ უნდა გქონდეთ განათლების დასაფარად სხვა კრედიტები აღებული.

ხარისხის მიღების შემდეგ შტატის წინაშე ვალდებული იქნებით დარჩეთ ნიუ იორკში ზუსტად იმდენი ხანი, რამდენი ხანიც შტატი გაფინანსებდათ, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შტატი და გადახვიდეთ სხვაგან სამუშაოდ. თუ მაინც დატოვებთ შტატს, მაშინ სტიპენდიის თანხა კონვერტირდება კრედიტში, რომელსაც შტატი მოგცემთ პროცენტის გარეშე. შტატის დატოვება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სხვა შტატში აპირებთ სწავლის გაგრძელებას, მაგ: მაგისტრის ან კვალიფიკაციის ამაღლების შემთხვევაში, თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 6 თვისა თქვენ ვალდებული ხართ დაბრუნდეთ ნიუ იორკის შტატში. ეს ვალდებულება მხოლოდ მწვავე ჰუმანიტარული მიზეზის გამო შეიძლება გაბათილდეს, დანარჩენ შემთხვევებში თავის არიდებისას დაგეკისრებათ ჯარიმა ან ადმინისტრაციული სასჯელი.

იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ეს სტიპენდია თქვენ ვალდებული ხართ ისწავლოთ დასწრებულზე, დღის სრულ ცვლაში და წლიურად გამოიმუშავოთ 30 კრედიტ-საათი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება შშმ პირებზე. ასევე ვალდებული იქნებით, რომ ისწავლოთ მინიმუმ საშუალო C-ის დონეზე და არ გაირიცხოთ ცუდი D-დონის სწავლისთვის, ასევე არ გქონდეთ ე.წ. საშემოდგომოები.

Community College-ში სწავლა ჯდება 4,350 წლიურად, ანუ 2 წელი და 60 კრედიტი დაგიჯდებათ 6,470$ სხვაობას დაფარავთ თავად. სტიპენდია არ დაფარავს თუ გჭირდებათ საერთო საცხოვრებელი, როემლიც 12,590$ ღირს და არ დაფარავს კვების ხარჯებს. ასევე, სტიპენდია არ დაფარავს სასწავლო წიგნების 1,000$-ს საფასურს, მაგრამ შეგიძლიათ ისარგებლოთ ელ.წიგნებით, რომელიც უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ამ სტიპენდიის გამოყენება სხვა ხარჯებისთვის არ შეიძლება და დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებით. თუ სარგებლობთ New York Tuition Assistance ან ფედერალური Pell Grant-ის ტიპის სტუდენტური დახმარებით, მაშინ ნიუ იორკის ექსელსიორის სტიპენდია დაფარავს ხარჯის იმ ნაწილს რომელი დარჩება ამ გრანტების გამოყენების შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ უკვე გაქვთ ბაკალავრის ხარისხი და გსურთ გააგრძელოთ სწავლა მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად მაშინ უნდა გამოიყენოთ სხვა ტიპის სტიპენდია, რადგანაც ზემოთ ხსნებეული სტიპენდია, მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი განათლების პირველი საფეხურებისთვისაა განკუთვნილი. მაგისტრის საფეხურის უფასოდ მოსაპოვებლად, ხშირად ყველაზე მარტივი გზა არის ბაკალავრიატის შემდგომ, იმავე უნივერსიტეტში დარჩენა თანამშრომლად, მუშაობისას – ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი გაძლევთ უფლებას მიიღოთ უფასოდ მომდევნო საფეხური. მსგავსი შესაძლებლობები განსხვავდება ყველა უნივერსიტეტში, უნდა გაარკვიოთ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტს რა პირობები აქვს.

გარდა ნიუ იორკის შტატის, უფასო ან ნაწილობრივ უფასო უნივერსიტეტების მოძებნა, 20-მდე სხვადასხვა შტატშია შესაძლებელი იხ. ფოტოზე რომელი შტატები გაძლევენ ამის უფლებას.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხვდეთ სასურველ უნივერსიტეტში, თუ კი საქართველოში გაქვთ სკოლა დამთავრებული, ან სწავლის გაგრძელება აქ გსურთ, მაშინ თქვენ დაგჭირდებათ განათლების დამამტკიცებელი საბუთების შეგროვება და შემდეგ უკვე მათი თარგმნა, ხარისხის შესაბამისობის შეფასება და დამტკიცება.

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან.

პროცედურა
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება (განცხადება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ფოსტის მეშვეობით – განცხადების ფორმა;
  2. საგანმანათლებლო დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  4. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა);
  5. შესაბამისი საფასურის (25 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
  6. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი.

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
გ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები — 50 %-ით;
დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები — 50 %-ით.
ე) სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები – 20%-ით.

Facebook Comments