14 იანვარი – საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

გუშინ, 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე იყო. ეს დღე პირველად, 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა, კიდევ ორ ეროვნულ სიმბოლოსთან გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან. სახელმწიფო დროშის დღე კი პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დროშის მიმდინარე ვერსია დადგენილია პრეზიდენტის 25 იანვრის №31 ბრძანებულებით.

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს.

საქართველოს დროშები და ისტორია
ადრეული საქართველოს დროშები სხვადასხვაგვარი იყო. ცალ-ცალკე არსებობდა სახელმწიფო დროშა, საეკლესიო, ლაშქრის. სახელმწიფო დროშას სამეფო დროშა ეწოდებოდა. XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები ქართულ სახელმწიფო დროშას იხსენიებენ, როგორც „გორგასლიან და დავითიანს“. გადმოცემით, „გორგასლიანი და დავითიანი“ დროშა მე-19 საუკუნემდე არსებობდა და იგი ქუთაისის სამეფო ზარდახანაში ინახებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ახალციხის ბრძოლის დროს იგი თურქებს გაუტაციათ.

XIII-XIV საუკუნეებში თეთრი ალმის გვერდით ჩნდება შავიც, მასზე თეთრი ტოლმკლავიანი ჯვრით. ფიქრობენ, რომ იგი დავით ნარინმა შემოიღო დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების შემდეგ. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის პერიოდიდან დროშათა ნარისახეობაც გამრავლდა. ქართლის სამეფო დროშა მოწითალო შინდისფერი გახდა. დასავლეთ საქართველოში კი დამკვიდრდა თეთრი დროშა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოკლე ხნის განმავლობაში 1918-21 წლებში მიღებული იყო სამფერი დორშა. დიზაინი შერჩეულ იქნა ეროვნული დროშის დიზაინის კონკურსით, რომელშიც მხატვარი იაკობ ნიკოლაძის იდეამ გაიმარჯვა. დროშა 1921 წელს საქართველოს რევკომმა გააუქმა საქართველოს ანექსიის შემდგომ და ის მხოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს აღადგინეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ამ დროშამ მოგვიანებით პოპულარობა დაკარგა, ვინაიდან საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის ქაოტურ და სისხლიან პერიოდთან ასოცირდებოდა.

საბჭოთა პერიოდში საქართველოში წითელი საბჭოთა დროშის რამდენიმე ვარიანტი იყო მიღებული, რომელზეც ან საქართველოს სსრ-ის სახელი იყო აღბეჭდილი, ან წითელი ნამგალი და ურო ვარსკვლავით ლურჯ მზესა და ლურჯ ზოლზე დროშის ზედა ნაწილში. ეს დროშა საქართველოს მთავრობამ გააუქმა 1990 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებისას.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება იანვრის თვის 14 რიცხვში, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს.


Facebook Comments