არ არის ცოდვა თავი შეიკავო საეკლესიო მსახურებების ან საიდუმლოებების აღსრულებისგან პანდემიის პერიოდში.

ჩრდ. ამერიკის ქართული მართლმადიდებელი ექსპარქიის ეპისკოპოსის – საბა ინწკირველის განცხადება მორწმუნეებისადმი

საეკლესიო მსახურებებისა და მიმდინარე პანდემია COVID-19-ის (კორონავირუსი) პერიოდში საუკეთესო ღონისძიებათა შესახებ 
მარტი 17, 2020

როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, ჩვენ ვართ გაერთიანებული საიდუმლოებებში და ჩვენს სწავლებებში, მაგრამ, როგორც ადამიანები, ჩვენ ასევე ვართ ერთნი ჩვენს სოლიდარობასა და განსაცდელში. ამიტომაც, ამ ინტენსიური ლოცვისა და დიდი მარხვის სულიერი დისციპლინის პერიოდში, პანდემია, რომლის წინაშეც ჩვენი საზოგადოება დგას მთელი ჩვენი სახელმწიფოსა და მსოფლიოს მასშტაბით, გვავალდებულებს, რომ შევჩერდეთ და დავფიქრდეთ გზაზე, რომლითაც ვადიდებთ ღმერთს და რომლითაც გამოვხატავთ თანაგრძნობას ჩვენი დებისა და ძმების მიმართ.

როგორც უფლის მოწაფეებს წმინდა წერილი და ჩვენი რწმენა გვამცნებს, მიუხედავად იმისა, რომ არა ვართ ამ სოფლის, ჩვენ ვიმყოფებით ამ სოფელში (1 იოანე 2). ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთდროულად თანამონაწილენი ვართ ზეციური და მიწიერი სიცოცხლისა. შედეგად, ჩვენ ერთდროულად ვსულდგმულობთ უფლის მადლით და, ამავდროულად, ვართ განმცდელნი ამ ქვეყნიური სატკივარისა. ამიტომ, რწმენაში შეურყევლად, რაც გვწამს, რომ განაგდებს შიშს სიყვარულის მეშვეობით, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიფთხილე, რომ დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი მოყვასი განსაცდელისა და უდროო გარდაცვალებისაგან. ეს არის არსობრივი მცნება, რომ გვიყვარდეს და ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს. 

ამიტომაც, ვპასუხობთ რა COVID-19-ის (კორონავირუსი) სწრაფ გავრცელების საკითხს, როგორც თქვენი ეპისკოპოსები და სულიერი მოძღვრები, უნდა ვიყოთ ძალიან ცალსახა და ემპათიური ერთი საკითხის მიმართ: არ არის ცოდვა თავი შეიკავო საეკლესიო მსახურებების ან საიდუმლოებების აღსრულებისგან პანდემიის პერიოდში. ეჭვგარეშეა, რომ ეკლესია არის სხეული ქრისტესი. ჩვენ ყოველთვის გვწამდა და ვქადაგებდით ამას, ახლა კი არის შესაბამისი დრო საქმითაც აღვასრულოთ ეს.

უფრო მეტიც, გთხოვთ, რომ ჩვენთან ერთად იდგეთ ვითარცა ერთნი სოლიდარობაში (ეპისკოპოსები, მღვდლები, მრევლი, მოყვასნი და სამოქალაქო მოსამსახურენი) ამ კრიზისის განმავლობაში. ჩვენ ყველამ მორჩილებით უნდა მივიღოთ როგორც მედიცინის სფეროს წარმომადგენელთა, ასევე სახელმწიფო მმართველთა მითითებები და მივყვეთ ყველა თავდაცვით რეკომენდაციებს, იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავიცა და გარშემომყოფნიც. 

ჩვენ მოგიწოდებთ, ერთსულოვნად ვიმოქმედოთ ყველას სულიერი და ხორციელი კურნებისათვის, სამყაროს გადარჩენისა და მისი განახლებისათვის. მომავალი დღეების განმავლობაში იქნება უჩვეულო სულიერი განსაცდელი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ განსაცდელებითა და წყვდიადით აღსავსე გზის გავლით სიცოცხლისა და აღმდგარი ქრისტეს ნათელისაკენ მივდივართ.

ღმერთმა ყველა დაგლოცოთ, ნუგეშინისგცეთ და გაგაძლიეროთ!

ამერიკის მართლმადიდებელი ეპისკოპოსების გაერთიანების მიმართვა ინგლისურად

Facebook Comments