მწვანე ბარათის მსურველებს აღარ დასჭირდებათ ფინანსური დამოუკიდებლობის მტკიცება

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი რეგულაციის თანახმად ყველა იმიგრანტს, რომელთაც სურდათ მწვანე ბარათის მიღება უნდა დაემტკიცებინათ ფინანსური მდგრადობა. იმიგრანტებს უნდა წარმოედგინათ ფინანსური ინსტიტუციების ამონაწერები და დანაზოგის ოფიციალური დოკუმენტაცია, ასევე საბანკო ვალდებულებების სია. (კრედიტი, იპოთეკა, მანქანის სესხი და აშ.)

ფორმა I-944, რომელიც რეგულაციის თანახმად უნდა შევსებულიყო და გაგზავნილიყო ფორმა I-485-თან ერთად, აღარ იძებნება და წაშლილია საიმიგრაციო სააგენტოს საიტიდან. რედ: შეგახსენებთ, რომ რეგულაცია ძალაში უნდა შესულიყო ა.წ. 15 ოქტომბერს. იხ. ამ სტატიაში თუ რომელ რეგულაციაზეა ლაპარაკი.

ნიუ იორკის, ვერმონტისა და ქონექთიკუთის შტატების გენერალურმა პროკურორებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეს რეგულაცია გაასაჩივრეს და სასამართლო დავა მოიგეს, რის საფუძველზეც რეგულაცია შეჩერდა და მას ვეღარ გამოიყენებს საიმიგრაციო საგენტო.

პრეზიდენტის ახალი რეგულაციის თანახმად, რომელიც ძალაში 15 ოქტომბერს უნდა შესულიყო, აშშ-ში ჩამომსვლელი იმიგრანტი ვალდებული იყო ეჩვენებინა საკუთარი ფინანსური მდგომარეობა და ემტკიცებინა, რომ ის არ გახდებოდა ბიუჯეტის სარჩენი, ასევე, ამ რეგულაციაში არის ჩანაწერი ენის ფლობის შესახებ, ტრამპის ადმინისტრაციას სურს რომ ახალჩამოსული იმიგრანტები ფლობდნენ ინგლისურ ენას. ამ რეგულაციის შემუშავებამდე საიმიგრაციო სააგენტოს ოფიცრებს ოფიციალურად არ შეეძლოთ უარის თქმა თუ იმიგრანტის ფინანსურად არამდგრადი იყო ან ინგლისურ ენას ვერ ფლობდა, ამ რეგულაციის დახმარებით ეს კანონიერი უფლება გაჩნდა, თუმცა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მისი აღსრულება შეჩერებულია.

საზღვრის დაცვისა და საიმიგრაციო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქენ კუჩინელი აცხადებს რომ მისთვის გაუგებარია სასამართლოს ასეთი განჩინება და ის მზადაა უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოს მიმართოს ამ განჩინების გასასაჩივრებლად. ბატონი კუჩინელის განმარტებით “ეს ფედერალური რეგულაცია დაფუძნებულია “ამერიკულ ტრადიციაზე” და “ამერიკულ ოცნებაზე” ჯერ კიდევ 1800 წლებიდან ასე მუშაობს ეს რეგულაცია, თუმცა მოსამართლემ უგულებელყო ეს. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამას” განაცხადა კუჩინელიმ ინტერვიუში ფოქს ნიუსთან.

იხილეთ სასამართლოს განჩინება

Facebook Comments