რატომ აღვნიშნავთ ქართული ენის დღეს?

Nawili-I.pmd14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

,,დედაენა როდი ჰგავს ტანისამოსს, რომლის გამოცვლა ადვილად და უვნებლად შეიძლება. იგი არის ძვირფასი იარაღი, რომელიც ბუნებას ზედ გამოუჭრია ადამიანის სულსა და ხორცზე”. იაკობ გოგებაშვილი.

თანამედროვე ქართულ ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, 

რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ‘ქართლის ცხოვრების’ თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ ფარნავაზმა შექმნა. ქართული დამწერლობა საქართველოში წარმართულ დროს, ქრისტიანობის გავრცელებამდე გამოიყენებოდა, რაც გამორიცხავს ზოგიერთი ისტორიკოსის თეორიას, რომ ქართული დამწერლობა ქრისტიანობასთან ერთად შემოვიდა საქართველოში და ის ქართლის მოქცევის ნაწილი იყო, ამ თეორიას კი ამაგრებენ “შუშანიკის წამების” ჰაგიოგრაფიული ძეგლის არსებობით, რადგანაც, ის ითველება პირველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლად.

მხედრული — ასე ეწოდება თანამედროვე ქართულ ანბანს. მაგალითები არსებობს XI საუკუნიდან და ითვლება, რომ იგი განვითარდა ხუცურიდან არაბული დამწერლობის სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით. მხედრული დამწერლობის ფორმები მარტივია. ასოთა მოხაზულობანი ისევ ვერტიკალზეა აგებული, მხოლოდ მათი კონტურები მომრგვალებულია და ერთიან მონახაზს ქმნის. ასოთა დაწერილობაში რამდენიმე ასო ნიშანს (ს, ძ, მ) შერჩა ასომთავრულის მოხაზულობა, უმრავლესობამ კი რთული გრაფიკული სახესხვაობა განიცადა. მხედრულის ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა მოხაზულობანი ასევე სხვადასხვა სიმაღლისაა. მხედრულისათვის 1728 წელს ნიკოლოზ თბილელმა შექმნა „მხედრულის მთავრული“ ასოები.

ქართულ ანბანში ასოთა თანმიმდევრობა ბერძნული ანბანის მსგავსადაა დალაგებული. პირველი 25 ასო ზუსტად ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა თანმიმდევრობას, მეორე ნაწილში კი თავმოყრილია ქართული ენისთვის დამახასიათებელი ის ასოები, რომელთა შესაფერისი ბგერები ბერძნულ ენაში არ მოიპოვება. (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჴ, ჯ, ჰ, ჵ). ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც მკვლევარებს ქართული ანბანის შექმნას ბერძნულისაგან აფიქრებინებს, სწორედ ანბანური რიგის საერთო წყობაა. ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელშიც არქაული ასოები ნაცრისფრადაა აღნიშნული.

ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე, ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა — როდესაც ანბანიდან ამოაგდეს მოძველებული 5 ასო, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა. თანამედროვე ქართული დამწერლობის გასავრცელებლად ი. ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა 1879 წელს დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. 

ქართული დამწერლობა კომპიუტერულ სისტემებში უნიფიცირებულია „უნიკოდი“-ს (Unicode) სტანდარტის მიხედვით, რომელშიც ასომთავრული, ნუსხური და მხედრული აღიარებულია დამოუკიდებელ ქართულ დამწერლობებად და სწორედ მათთვის და მხოლოდ მათთვის მისაკუთრებული ოთხნიშნა კოდები გააჩნიათ. დღეისათვის ყველაზე გავრცელებული ქართული კომპიუტერული შრიფტებია BPG, Sylfaen და სხვა. ტექსტი, რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ, ერთ-ერთი ქართული კომპიუტერული შრიფტითაა შესრულებული. 

ამ დღის ისტორია

1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა.

ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული.

ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად და მათ დასაშოშმინებლად.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი მოვლენები მოხდა 1978 წლის 25 მაისს ბათუმშიც‚ როდესაც უნდა დაემტკიცებინათ აჭარის ასსრ-ის კონსტიტუცია, რომლიდანაც ასევე „გამქრალი იყო მუხლი ქართული ენის შესახებ. მიუხედახათ ამისა მაშინ დაწყებული იქნა და დღემდე გრძელდება ქართული ენის უხეში დამახინჯება, რაც გამოიხატება ქართულში უცხოური სიტყვების შერევა და წმიდა ქართულის ნაცვლად რუსული და ინგლისური ენების და სხვა უცხოურის სიტყვების გამოყენება.

2012 წლიდან ქართულ საზოგადოებაში გაქტიურდა კამპანია, რომელიც მოუწოდებს კომპიუტერისა და ზოგადად ინტერნეტის მომხმარებლებს, რათა გამოიყენონ ქართული დამწერლობა, ვინაიდან დღემდე, უამრავი ადამიანი არ ან ვერ იყენებს ქართულ დამწერლობას და მას ანაცვლებს დამახინჯებული ტრანსლიტერაციით, კირილიცის ან ლათინური ანბანის გამოყენებით. სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ჰეშტეგი #წერექართულად , რომელსაც ხშირად შეხვდებით სხვადსხვა საიტებზე. 

ემიგრანტის გზამკვლევის გუნდი გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ თარიღს! და გთხოვთ, გამოიყენეთ ქართული დამწერლობა, დააფასეთ ის, რაც ჩვენ ერს საუკუნეების განვამლობაში უნარჩუნებდა იდენტობას. 

Facebook Comments