ქალაქ ნიუ იორკში მინიმალური ხელფასი 15$ ხდება

კანონი ძალაში შედის ა.წ. 31 დეკემბერს და 2020 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებულებს გადაუხადოს საათში 15$. ეს მატება ეხება ყველა დასაქმებულს, განურჩევლად მათი საიმიგრაციო სტატუსისა. (!)

დღევანდელი მდგომარეობით, ქალაქ ნიუ იორკის ტერიტორიაზე მინიმალური ხელფასი გახლავთ – საათში 13.50$. იმ შემთხვევაში თუ კომპანიაში მუშაობს 10-ზე ნაკლები თანამშრომელი, ხოლო თუ კომპანიაში 11-ზე მეტი თანამშრომელია, მაშინ მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 15$. ახალი წლიდან კი ეს მოთხოვნა გათანაბრდება და ყველა კომპანიას დაევალება საათში 15$ გადახდა.

ქალაქ ნიუ იორკის გარეთ: ნიუ იორკის ზედა ნაწილში, ლონგ-აილენდის, ნასას, ვესთჩესთერში და სხვა ქაუნთებში მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვრება საათში 11.10$-ით.

რედაქციისგან: იმ შემთხვევაში თუ თქვენი დამსაქმებელი უარს აცხადებს მინიმალური ხელფასის გადახდაზე, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ქალაქ ნიუ იორკის ცხელ ხაზსს 311-ზე, სადაც გაგიწევენ იურიდიულ დახმარებას. დამსაქმებელს კანონი ავალდებულებს, რომ ხელფასის ოდენობის ინფორმაცია სამუშაო ადგილზე თვალსაჩინო ადგილას ჰქონდეს გამოკრული.

მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის უფლების გარეშე მუშაობა წარმოადგენს ფედერალურ დანაშაულს, კანონითა და უფლებებით ყველა დასაქმებული თანაბრად სარგებლობს, ხოლო თუ თქვენი დამსაქმებელი დაგემუქრებათ თქვენი საიმიგრაციო სტატუსის გამხელით, და საიმიგრაციო პოლიციაში დაბეზღებით – ქალაქ ნიუ იორკის კანონით ეს ქმედებაც დასჯადია. იცოდეთ თქვენი უფლება და იყავით დაცული!

წყარო

Facebook Comments