ჩემი ერთი დღე

,,დღე, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის” – ეს ფრაზა ასტრიდ ლინდგრენს ეკუთვნის. ბავშვობაში, როცა წავიკითხე მისი შესანიშნავი მოთხრობა ,,ჩვენც სალტროტკელები ვართ” – კარგა ხანს ვფიქრობდი, ნეტავ, როდის და როგორ შეიძლება უდრიდეს ერთი ჩვეულებრივი დღე მთელ სიცოცხლეს-მეთქი..


მერე იყო დღეები, რომლებმაც  მიმახვედრეს მის მნიშნელობას, ისინი, უმეტესად, პატარა წარმატებებით გამოწვეული სიხარულით სავსე დღეები იყო.
მე გადავწყვიტე, რომ  12 დეკემბრისთვისაც მიმესადაგებინა ეს ფრაზა.შეიძლება ვაჭარბებ… შეიძლება დღეს, რომელსაც სიცოცხლეს გაუთანაბრებ, უფრო სხვა დატვირთვის უნდა იყოს, ვიდრე უბრალოდ ერთი ნიუ-იორკული დღეა, მაგრამ ამ ქვეყნად ხომ ყველაფერი  შედარებითია? ჰოდა, ვინაიდან, სიცოცხლის არსი და მნიშვნელობაც კი ყველასთვის განსხვავებულია და თუ აქვე, დედამიწაზე გეძლევა შესაძლებლობა შეაღო სხვა სამყაროს კარი, რატომაც არა?!

სამწუხაროდ, ასეთი დღეები ხშირი არაა, მაგრამ მოდი, იმისიც მადლობლები ვიყოთ, საერთოდ რომ არსებობენ…😌

ამ დღეს კი ნამდვილად ვთვლიდი,  რომ  მიყვარდა ჩემი ცხოვრება.

მოღრუბლული, მაგრამ თბილი დღე გათენდა. არ მიყვარს თბილად და ფენა-ფენა ტანსაცმლით სიარული, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრგან ხარ მისასვლელი და ამიტომ, ამინდით განსაკუთრებით კმაყოფილი ვიყავი.     როგორც ჩვენ ვეძახით – ,,თავგადასავალი” საშობაოდ მორთულ-მოკაზმული ავტობუსების სადგურიდან დაიწო ჩვენგან ეგრეთხსენებული ,,ბასტერმინალიდან”. გარდა იმისა, რომ ასე შესანიშნავად იყო მორთული, იმ გამოსასვლელში, რომლითაც ვისარგებლეთ, სხვადასხვა  ჩემთვის უცნობი თანამედროვე მხატვირთა გამოფენები იყო განთავსებული და ცოტა ხნით იქ შევრჩერდით და რომ იტყვიან, ,,თვალს წყალი დავალევინეთ”.

ლანჩზე ჩვენს საყვარელ იტალიურ რესტორანში წავედით და მშვენიერი იტალიური Rigatoni Alla Siciliana დავაგემოვნეთ სხვა იტალიურ გემრიელობებთან ერთად. ეს კერძი მშვენიერი კომბინაციაა მაკარონის, ბადრიჯნის, რამდენიმე სახეობის ყველისა და პომიდვრის სოუსისა. მგონი, სახლის პირობებშიც ძალიან მარტივად შეიძლება მომზადდეს. ჰოდა, ვისაც იტალიური სამზარეულო მოგწონთ, შეგიძლიათ თამამად სცადოთ 😊

რესტორანი Cara Mia განსაკუთრებით მიყვარს. მყუდრო გარემოთი, მომხიბლელი და თავაზიანი, ხშირად, იტალიური აქცენტით მოსაუბრე მომსახურე პერსონალით, ქათქათა სუფრებით და  იტალიური ღვინის დიდი არჩევანით.    

საერთოდ, ამ ქუჩაზე ანუ მეცხრე ავენიუზე ბევრი რესტორანია და არამარტო იტალიური. ამიტომ ძალიან ბევრი ტურისტიცაა ყველა სეზონზე.
გარეთ ოდნავ სუსხიანი ქარი ამოვარდა, ნაცრისფერი ღრუბლები ჩამოაწვა მანჰეტენს.  ჩვენ თბლად და კომფორტულად ვისხედით ,,კარამიაში” და თვალს ვერ ვწყვეტდი ძალიან სიმპატიურ, ჭაღარით გადათოვილ მოხუც ცოლ-ქმარს, რომელიც ფერად მაკარონს შეექცეოდა, წითელ ღვინოს წრუპავდა და თვალებში ზრუნვით შესცქეროდნენ ერთმანეთს…
 რესტორნიდან გამოსულები გზად Fashion Institute of Technology  (FIT) –   (მისამართი: 227 W 27th St.) შევჩედით და 

ვნახეთ გამოფენები ,,Pink: The History of a Punk, Pretty, Powerful Color” რომელიც  5 იანვარს იხურება.

გამოფენა დემონსტრირებას უკეთებს  ვარდისფერის გამოყენების ისტორიას და დროში საზოგადოების დამოკიდებულებას ამ ფერისადმი. როგორც ვიცით, სტერეოტიპულად ვარდისფერი ასოცირდება პატარა გოგონებთან, ბალერინებთან, ბარბის თოჯინებთან და საერთოდ ,,ქალურ” ფერადაა მიჩნეული. მაგრამ აქ ვხედავთ, რომ ვარდისფერმა ,,ფერი იცვალა” დროსთან ერთად.  მაგალითად, მეთვრამეტე საუკუნეში, მადამ დე პომპედური ,,დაეხმარა” ვარდისფერს გამხდარიყო მოდური. და აი,  საფრანგეთის სასამართლოში მამაკაცებმაც მშვენივრად მოირგეს ვარდისფერი კოსტუმები :)ინდურ კულტურაში კი მამაკაცებს არასოდეს შეუზღუდავთ თავი ვარდისფერი ტანსაცმლის ტარებისაგან, ეს ფერი იქ ყოველთვის აქტუალურია. გამოფენაზე წარმოდგნილია არამარტო სხვადასხვა დროის ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი, არამედ, სათამაშოებიც.

აქვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ გამოფენა Fabric In Fashion, რომელიც მარტის 4-მდე გრძელდება.  ეს გამოფენა ეძღვნება ქსოვილების ფორმირების როლს მოდის განვითარების ინდუსტრიაში.წარმოდგენილია მატყლის, ბამბის, აბრეშუმის, სინთეთიკური ქსოვილისაგან შეკერილი ტანსაცმელი.

აბრეშუმის დილის ხალათი, აშშ,1870 წ.
ამ ხალათის (ჩემი აღქმით, კაბის!) დანახვაზე თვალწინ მდიდარი ამერიკელი ქალბატონები დამიდგნენ ჩაის ფინჯნებით ხელში…
გამოფენაზე მთლიანად კონცენტრირება ვერც მოვახვერხე, იმიტომ რომ წინ  დღის მთავარი მოვლენა მელოდა -კონცერტი  ,,მედისონ სქვეა გარდენზე”. 
ორი სიტყვა მინდა დავწერო მედისონის არენაზე, რომელიც  მანჰეტენზე, მიდთაუნში მდებარობს მეშვიდე და მერვე ავენიუებს შორის, ფენ-სთეიშენთან (მატარებლების სადგური ნიუ-იორკში) ძალიან ახლოს, თითქმის მის გვერდით. ის უზარმაზარ კომპლექსს წარმოადგენს,  რომლის არენაც სხვადასხვა ჟანრის ღონისძიებებისათვის გამოიყენება: სპორტული, მუსიკალურ-გასართობი, ყინულის შოუების, ცირკების და და სხვ. გაიხსნა  1964 წელს და მსოფლიოს ერთ-ერთ ძველ და დიდ არენას წარმოადგენს. ის  სხვადასხვა დროში მასპინძლობდა ჯონ ლენონს, ელტონ ჯონს, ელვის პრესლის, ამერიკულ როკ-ჯგუფს  ,,Kiss”-ს, ლედ ზეპელინს, ბილი ჯოელს, ტეილორ სვიფტს და ა.შ

ამ დღეს ის ჩვენი დროის კიდევ ერთ დიდებულ ადამიანს – ლეგენდარულ ანდრეა ბოჩელის მასპინძლობდა და ჩვენც სწორედ აქეთ მოვისწრაფოდით.მედისონის წინ ხალხი თანდათან მატულობდა. ხალხის თვალიერებამ გამიტაცა. შესანიშნავი ფოტო-ალბომი კი გამოვიდოდა ამ ჭრელი საზოგადოებისაგან 😊 ცოტა ხანში ასე გართობა ვეღარ შევძელი, რადგან ხალხი უკვე ტალღებად მოედინებოდა.ბოჩელიზე იმდენი დაწერილა, მე რა უნდა ვთქვა ახალი, მაგრამ როცა მის ბიოგრაფიას გადავხედე (sites.google.com, wikipedia.org, zurriuss.wordpress.com, The World’s Most Beloved Tenor Andrea Bocelli – North American Tour), მომინდა, რომ ორი სიტყვა ჩემს ბლოგზეც გადმომეტანა.
უმშვენიერეს იტალიაში, ტოსკანის პროვინციაში, ვენახებით ცნობილ მხარეში, სოფელ ლაჯატიკოში დაიბადა. ანდრეას დედას არ ურჩევდნენ ბავშვის გაჩენას, მოსალოდნელი ჯანმრთელობის პრობლემების გამო  ბავშვს მხედველობის პრობლემები ჰქონდა. ექიმებმა თანდაყოლილი დიაგნოზი დაუსვეს და თორმეტი წლისა ფეხბურთის თამაშის დროს სულ დაბრმავდა.
ექვსი წლიდან ფორტეპიანოზე სწავლა დაიწყო.დღეისათვის ის უკრავს ფლეიტაზე, გიტარაზე, საქსაფონზე, დრამზე..
მაგრამ მან წარმატებისათვის  საუკეთესო ,,ინსტრუმენტი” – თავისი ხმა გამოიყენა.სიმღერის გაკვეთილები მაესტრო ლუჩიანო ბეტარინისთან ჰქონდა. მუსიკის გაკვეთილებისათვის ფული რომ გამოემუშავებინა, საღამოობით ბარებში ფორტეპიანოზე უკრავდა.  მისი, როგორც საოპერო ან, თუნდაც კლასიკური შემსრულებლის კარიერა პოპ-მუსიკით დაიწყო. წარმატება 1994 წელს ხვდა წილად, როცა სანრემოს ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ამის შემდეგ, ანდრეამ იპოვნა სცენა (თუ სცენამ იპოვნა ანდრეა) და ისინი აღარასოდეს დაშორებულან.ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც მას მხარი დაუჭირა და მისი მომავალის მშენებლობაში ერთი აგური დადო, ლუჩანო პავაროტი იყო, რომელმაც საკუთარი კონცერტების სერიაში ,,პავაროტი მეგორებთან ერთად” მიიწვია. ამას დაემატა როკერ ზუკეროს მხარდაჭერა,  რომლის საავტორო სიმღერა ,,Miserere”-მ  (გაჭირვება) წარმატება მოუტანა. ასე ,,იქმნებოდა” ,,ადამიანი-ლეგენდა” – ჩვენი დროის უდიდესი მომღერალი ანდრეა ბოჩელი. მას მოიხსენიებენ კარუზოს, გიგლისთან ერთად. ახლობლობდა ფრანკო კორელისთან, რომელსაც ის აღმერთებდა. მისი საოპერო ხმით ოპერეტას ჟანრში სიმღერამ მსოფლიო სცენაზე ნამდვილი აფეთქება გამოიწვია, როცა მან შეასრულა  Time to say goodbye, რაც ამ ჟანრის შედევრად აღიარეს.


ლუჩანო პავაოტი, სელენ დიონი, ნელი ფურტადო, პლაჩიდო დომინგო, კრის ბოტი, სენდი, კაროლინ კემპელი, ვერონიკა ბერტი – ესაა არასრული ჩამონათვალი ვისთან ერთადაც ის ქმნიდა თავის ისტორიას.
,,A modern yet old-fashioned tenor ”-ასე აღწერს ის თავის თავს. 
თავის კარიერის განმავლობაში ბოჩელი თავისი ხელოვნებით წარსდგა  შეერთებული შტატების ოთხ პრეზიდენტთან, სამ პაპთან, ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან და მთელ რიგ პრემიერ მინისტრებთან. მან იმღერა ვინძორის სასახლის ბაღში ორგანიზებულ გალა კონცერტზე  მისი უდიდესობულობის ოთხმოცდამეათე დაბადების დღეზე.2016 წელს მას ჰქონდა ტრიუმფალური ტური აზიაში, ინდოეთში Zubin Mehta-ს მე-80-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, სადაც მაესტრო თვითონ ხელმძღვანელობდა ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრს.

ანდრეა ქველმოქმედიც გახლავთ. ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ სოლიდარობა  არის  რეალური პასუხი არსებულ უთანასწორობაზე. 1990 წლიდან ის პროტაგონისტია რამდენიმე მნიშვნელოვან ივენთში, რომელიც დაკავშირებული იყო შშმ პირების მხარდასაჭერად. შეიქმნა საერთაშორისო დონეზე მოქმედი ანდრეა ბოჩელის  ფონდი   რომელიც მუშაობს სიღარიბის, სოციალურ და შშმ პირების პრობლემებზე. 2015 წელს დავოსის ეკონომიკური ფორუმის გახსნზე მან მიიღო ,,Crystal Award” ძალიან პრესტიჟული ჯილდო.ასევე, მან არგეტინეელ ფეხბურტელ  ხავიერ ზანეტისთან ერთად  2016 წელს მოაწყო ექსტრაორდინალური მხარდასაჭერი მარათონი ექსპო მილანის ღია თეატრში. ,,ბოჩელისა და ზანელის ღამე” იყო  საღამო დიდი მსახიობებისა და ლეგენდარული ფეხბურთელებისა – აქ იყვნენ პელე და რონალდო, ზუბინ მეტა, ლაურა პაუსინი, კაილი მინოუგი, რომლებმაც მოიზიდეს ძალები რომ ხელი შეეწყოთ პროექტისათვის, რომელიც ეძღვნებოდა არგენტინასა და ჰაიტის უღარიბესი რაიონების ბავშვთა განათლებას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ,,Voice of Haiti Choir” (ახალგაზრდა ჰაიტელტა გუნდი ცხრიდან თხუთმეტ წლამდე). სწორედ ამ ბავშვების ქორო იყო წარმოდგენილი თორმეტი დეკემბრის კონცერტზეც, რომელებსაც ანდრეამ ,,თავისი გული” უწოდა და ამან ცემთვის ძალიან გულისამაჩუყებლად გაიჟღერა.
წერენ, რომ ვერცერთ უმაღლესი დონის მარკეტინგულ გეგმას ვერ შეეძლო ბოჩელისათვის ასეთი წარმატების მოტანა. ის ხალხმა აირჩია და სანრემოს ფესტივალის  შემდეგ მისი ხმა ატკბობს მსოფლიოს. 
,,If god could sing, His voice would be comparable to Bocelli” ესაა სელენ დიონის ცნობილი კომენტარი ბოჩელიზე.
ეს კონცერტი ბოჩელის შემოდგომის  ჩრდილო ამერიკული ტურის ნაწილი იყო. მან კონცერტები გამართა როგორც კანადაში (მონტრეალი) ასევე, ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში ცინცინატიში, სოლთ-ლეიქ სითიში, ლასვეგასში, ფინიქსში, დალასში, პიტსბურგში, ნიუ-იორკში და ბოსტონში.
ძალიან გამიგრძელდა მის ბიოგრაფიაზე..
….უზარმაზარი დარბაზი მთლიანად შეივსო (ცნობისათვის, მედისონი 20 789 მაყურებელს იტევს).  ყველა ასაკის მსმენელი მოვიდა, ახალგაზრდებიც და ღრმად მოხუცებიც. იყვნენ შეზრუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებიც.

დაახლოებით სამი საათი  ვტკბებოდით ანდრეას შემოქმედებით. ხალხი ფეხზე დგებოდა მის ცნობილ სიმღერებზე. შეასრულა პუჩინის, ვერდის, ბერნშტეინის, ჰენდელის, შუბერტის და სხვა ნაწარმოებები. ძალიან ამაღელვებელი იყო მატეო ბოჩელის (შვილი) მოსმენა. არ შეიძლება გულგრილად შეხედო 21 წლის  მატეოს, რომელსაც მე თუ მკითხავთ, ძალიან მოკრძალებულ და მომხიბლავი ღიმილი აქვს :). მან 2015 წელს დაიწყო სიმღერის სწავლა თავისი მამის ხელმძღვანელობით. მისი დებიუტი შედგა Teatro del Silenzio-ში 2016 წელს 12 000 მაყურებლის წინ, სადაც მან შეასრულა არიები ვერდის ოპერიდან.
მოცეკვავეების ბრიტანი ო’კონერისა და ჯორდი კაბალეროს შესანიშავიმა დუეტმა ,,მთლად დაამშვენა” კონცერტი.
და  კაროლინი..მევიოლინე კაროლინ კემპბელი..ვიოლინოს ჯადოქარი, რომელსაც უმუშავია ისეთ შემსრულებლებთან როგორებიცაა Black Eyed Peas, Carrie Underwood, პოლ მაკარტნი, სტივ უანდერი, ბიონსე, ჯასტინ ტიმბერლეიკი,  ალისია კეი, კოლბი კეილოტი, რიჰანა, ლაიონელ რიჩი, ჯეიმს ფოქსი და ბევრი სხვა.

,,She is a fair-haired angel with a bow, who, when on stage, has such a grit and musicality as to leave you breathless. On the four chords on her violin, Carolin Campbell knows how tone an acrobat without a safety net, she knows how to seduce, to move people ad make them dance. it is always great joy to share the stage with such a brilliant and charismatic artist.”- ასე აფასებს ანდრეა ბოჩელი კაროლინს. 
პროგრამაში მონაწილეობას ღებულობდნენ  Katharine McPhee  და ასევე უნდა ყოფილიყო Pia Toscano, ოცდაათი წლის მშვენიერი მომღერალი, რომელიც  გამოიჩევა მდიდარი, ემოციური ხმით და იყო მეცხრე  ადგილის მფლოველი ,,American Idol”-ში. მაგრამ ის რატომღაც ჩანაცვლებულ იქნა Nicole Scherzinger-ით, რომელიც, ასევე, ამერიკელი მომღერალი და მსახიობია.
ძალიან ველოდი მის ესპანურენოვან სიმღერებს, მაგრამ სულ ტყუილად. თუმცა, ჰაიტელი ბავშვების გუნდთან შესრულებულმა ,,ავე მარია”-მ ძალიან ამაღელვა
…ვუსმენდი ამ ლეგენდარულ ადამიანის ძლიერ, მელანქორიულ ხმას და ვფიქრობდი.. საიდან მოდიან ასეთი ადამიანები, რა მისიით, როგორ ახერხებენ დატოვონ სამუდამო კვალი შენს მეხსიერებაში, დატოვონ მათი ხმა, აჩრდილიც კი..რატომ გავიწყებს მათი შემოქმედება საკუთარ თავსა და პრობლემებს, როგორ შეუძლია დაგანახონ სამყარო სხვა თვალით, აგიყვანონ ვარსკვლავებამდე და გაქციონ სულ სხვა არსებად. ვუსმენდი და მაგონდებოდა სადღაც ამოკითხული.. ანდრეას ტალანტს უსინათლობამ განსაკუთრებული ხიბლი მისცა, მას მგრძნობელობა და უჩვეულობა შესძინაო..
ალბათ, ასეცაა..
ის თავისი უსინათლობით აღიქვამს იმ სამყაროს და მოაქვს ჩვენამდე ის, რასაც ჩვენ თვალხილულნი ვერ ვამჩნევთ და ზოგჯერ არც გვინდა დავინახოთ..

გარეთ წვიმას  დაენამა გზები. მანჰეტენი მსუბუქ ნისლში გახვეულიყო. ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვნად ჩანდა სინათლე-სიბნელის კონტრასტში, ისევე როგორც ჩვენი სინამდვილე, რომელსაც უნდა დავბრუნებოდით.

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.