მართვის მოწმობა ნიუ ჯერზის უსაბუთო რეზიდენტებისთვის

ტრენტონის კაპიტოლიუმი – სენატის შენობა

სულ მალე ნიუ ჯერზი გახდება მე-15 შტატი, რომელიც უსაბუთო იმიგრანტებზე გასცემს მართვის მოწმობას.

გუშინ, 17 დეკემბერს, ნიუ ჯერზის დედაქალაქ ტრენტონში, სენატმა კენჭი უყარა კანონპროექტს, რომლის თანახმად, ნიუ ჯერზის შტატი უსაბუთო იმიგრანტებისთვის დაიწყებს მართვის მოწმობის გაცემას. თუმცა, სანამ DVC დაიწყებს მათ გაცემას, კანონს ნიუ ჯერზის გუბერნატორმა ფილ მერფიმ უნდა მოაწეროს ხელი და კანონი ძალაში შევა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე თვე იქნება საჭირო, რათა მოხდეს რეგულაციებისა და ბიუროკრატიული პროცედურების შემუშავება.

რა უფლებები და აკრძალვები ექნებათ უსაბუთო იმიგრანტებს ჯერ ჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა ჩვეულებრივი მართვის მოწმობისგან განსხვავებით მისი გამოყენება მხოლოდ ადგილობრივ დონეზე იქნება შესაძლებელი, ზუსტად ისევე, როგორც ეს ნიუ იორკის შემთხვევაში მოხდა.

კანონის განხილვის დებატებისას, შტატის საკანონმდებლო ორგანოში, კანონის ავტორების არგუმენტები იყო შემდეგი – გთავაზობთ ნაწყვეტს: 2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ნიუ ჯერზის შტატში 466,000 უსაბუთო იმიგრანტი სახლობს. კანონის ავტორების აზრით: უსაბუთო იმიგრანტები მაინც ახერხებენ და მართავენ ავტომანქანებს, რაც გზებზე სახიფათო სიტუაციებს ქმნის, ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლი ადგილს ტოვებს და იმალება, რადგანაც მას არ გააჩნია არანაირი სტატუსი, შესაბამისად არც დაზღვევა აქვს, იმიგრანტები სწორედ ამის გამო იძულებულები არიან გაიქცნენ და მიიმალონ. გარდა უსაფრთხოებისა, ამ კანონით გაიზრდება შტატის შემოსავალიც, რაც ასევე დადებითი მოვლენაა” – განაცხადეს კანონის ავტორებმა.

შეგახსენებთ იმ შტატებს, სადაც უსაბუთო იმიგრანტებს უკვე შეუძლიათ მართვის მოწმობის აღება, ესენია: კალიფორნია (2013), კოლორადო (2013), ქონექთიქუთი (2013), დელავერი (2015), ჰავაი (2015), ილინოი (2012), მერილენდი (2013), ნიუ მექსიკო (2003), ნიუ იორკი (2019), ნევადა (2013), იუტა (2005), ვერმონტი (2013), ვაშინგტონის (შტატი) (1993) ვაშინგტონი (კოლუმბიის ოლქი) (2013).

წყარო

Facebook Comments