1 აგვისტომდე საქართველოში რეგულარული საერთაშორისო ფრენები არ აღდგება

საქართველოში რეგულარული საერთაშორისო ფრენები 1 აგვისტომდე არ აღდგება. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა.

“რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს არ იყიდონ ბილეთები იმ დრომდე, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.

“საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფრენების აღდგენის ივლისის ბოლომდე გადადების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გაავრცელა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა: საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინი და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა.

საქართველოში ავიამიმოსვლა, გამონაკლისების გარდა, 20 მარტიდან კორონავირუსის საფრთხის გამო შეჩერდა

წყარო

Facebook Comments