ევროპამ ქართველებისთვის უვიზო რეჟიმი შესაძლოა 18 თვით შეაჩეროს

ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა იზრდება, ასევე გაიზარდა საზღვრიდან მობრუნებულთა რიცხვიც.
“ეს ყველაფერი არის ოფიციალური საფუძველი იმისა, რომ ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება. მე, როგორც ვიცი, ინდივიდუალურ დონეზე იყო ეს თემა არაერთხელ განხილული. ბრიუსელში შეხვედრებისას ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელმა პირდაპირ დააყენა ეს საკითხი. ასე რომ, საფრთხე რეალურია. ისინი ასეთ რამეს უბრალოდ სიტყვის მასალად არ ამბობენ”, – აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 

ექსპერტების ინფორმაციით, ესპანეთის და საფრანგეთის შემთხვევებში შეჩერების მექანიზმის სამართლებრივი საფუძველი უკვე არსებობს.

„თუ ავიღებთ მაგალითად, საფრანგეთს, 2017 წელს 2700-მა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 6900-მდე გაიზარდა. ანუ 100%-იანი ზრდაა და მას თავისუფლად შეუძლია ამ მექანიზმის გამოყენება. ბოლო პერიოდში ასეთივე პრობლემა აქვს ალბანეთს. დაახლოებით 4 დღის წინ ამ საკითხზე მსჯელობა ნიდერლანდებმა დაიწყო. 
თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, პირველ ეტაპზე 18 თვით შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას, შემდეგ დააკვირდებიან სიტუაციას, თუ დამაიმედებელი ნიშნები არ იქნება, შემდეგ 27 თვემდე გრძელდება, ბოლოს კი უკვე „შავი ქვეყნების“ სიაში ვიქნებით, ამის შემობრუნება კი ძალიან რთული იქნება“. – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკვე ღიად ამბობს, რომ ქართული მხარე ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის აქტიურად მუშაობს.
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩინოთ“, – აცხადებს წულუკიანი.

წყარო

Facebook Comments