5 მთავარი საფეხური ამერიკაში სწავლის დასაწყებად

ამერიკაში სწავლისათვის პირველ საფეხურს წარმოადგენს ისეთი კოლეჯის, ან უნივერსიტეტის პოვნა, რომელიც ზუსტად შეესაბამება თქვენს საჭიროებებს. არ ეცადოთ რომ თვითონ მოერგოთ უმაღლეს სასწავლებელს, პირიქით მოძებნეთ ისეთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ყველაზე უკეთესად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, პრიორიტეტებს და გრძელვადიან მიზნებს.

დაიმახსოვრეთ რომ, ამერიკაში არ არსებობს კოლეჯების და უნივერსიტეტების შეფასების ოფიციალური სისტემა.  საუკეთესოა ის უნივერსიტეტი, რომელიც ყველაზე უკეთესად ეთანხმება თქვენს მოთხოვნებს, როგორც პირადს, ასევე აკადემიურს და ფინანსურს.

აკადემიური წლის დაწყებამდე, სულ მცირე 12, ან 18 თვით ადრე მაინც უნდა დაიწყოთ უმაღლესი სასწავლებლის ძებნა. დაიწყეთ ძიება ქვემოთ მოცემულ, რამდენიმე ძირითად შეკითხვაზე პასუხის გაცემით და ასევე დეტალურად გაეცანით განყოფილებას „დაადგინეთ თქვენი პრიორიტეტები“ (Define your priorities), სწავლის თითოეული დონის სექციაში:

  • რატომ გსურთ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლა?
  • როგორი უმაღლესი სასწავლებელი შეგეფერებათ ყველაზე მეტად?
  • რომელი კოლეჯი, თუ უნივერსიტეტი დააკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს?
  • დაგჭირდებათ თუ არა ფინანსური დახმარება?
  • როგორია უმაღლესი სასწავლებლის აპლიკაციის და სასტიპენდიო განაცხადის გაგზავნის ვადები?
  • კონკრეტულად სად გსურთ ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში?

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სწავლის დონე ( ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა ა.შ), რათა გაგიადვილდეთ არსებული ვარიანტების ძებნა და შერჩევა. გახსოვდეთ რომ უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც თქვენ შეარჩევთ, უნდა იყოს სერთიფიცირებული, სტუდენტთა გაცვლის ვიზიტორი პროგრამის მიერ.

შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ საძიებო სია, რომელიც მოიცავს მხოლოდ სერთიფიცირებულ ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებს Department of Homeland Security’s Study in the State’s website.

შემდეგ ბმულებზე კი შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ამერიკაში არსებულ სწავლის დონეებს და შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე სასურველი ვარიანტი:

თუ გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია ამერიკაში უმაღლესი განათლების შესახებ, მაშინ ეწვიეთ შემდეგ ბმულს და გაეცანით სხვა საერთაშორისო სტუდენტების ისტორიებს. მნიშვნელოვანია იცოდეთ რომ: სტანდარტიზებული ტესტების ჩაბარებისას ისე უნდა დაგეგმოთ ტესტების ჩაბარების თარიღები, რომ გაითვალისწინოთ უნივერსიტეტის და სტიპენდიის აპლიკაციების ჩაბარების ვადები, რადგან სტანდარტიზებული ტესტების საბოლოო შედეგები უნდა გაიგზავნოს უნივერსიტეტში, აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადამდე.

მე-2 საფეხური -სწავლის დაფინანსება

ჩადეთ ინვესტიცია თქვენს მომავალში! ცხოვრების და სწავლის ხარჯები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სად იმყოფებით ამერიკის ტერიტორიაზე. სწორი დაგეგმვისა და საკმარისი ძებნის საფუძველზე, შესაძლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლა გახადოთ ხელმისაწვდომი, რაც შემდგომში თქვენს მიერ ჩადებულ ინვესტიციაზე მაღალ უკუგებას მოგცემთ.

დაიწყეთ ფინანსების დაგეგმვა რაც შეიძლება მალე. ყოველწლიურად, უამრავი საერთაშორისო სტუდენტი იღებს მნიშვნელოვანი რაოდენობის ფინანსურ დახმარებას (სტიპენდიას) ამერიკაში სწავლისათვის, თუმცა კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ხშირ შემთხვევებში თავად უნივერსიტეტის და სტიპენდიის აპლიკაცია გაერთიანებულია, და უნივერსიტეტში სწავლის მსურველს არ უწევს დამატებითი აპლიკაციის შევსება სტიპენდიის მოსაპოვებლად. შესაბამისად ყველა სტუდენტი ავტომატურად ხდება სტიპენდიის მოპოვების კანდიდატი.

როდესაც იწყებთ ფიქრს ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლაზე, პირველ რიგში ფინანსურ საკითხებს უნდა გადახედოთ დეტალურად. როგორც ნებისმიერი ინვესტიციის გაკეთების დროს, ასევე აქაც უნდა შეაფასოთ, რა იქნება საუკეთესო ვარიანტი თქვენი საგანმანათლებლო და კარიერული მიზნების მისაღწევად და რამდენის დახარჯვის სურვილი გაქვთ.

ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებს პროგრამების ძალიან ფართო არჩევანი აქვთ, ასევე განსხვავებულია სწავლის საფასური და სხვადასხვა სწავლასთან, თუ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯები თითოეული სასწავლებლის მიხედვით. რადგან ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდია, შესაბამისად ცხოვრების ხარჯები ძალიან გასხვავდება მის სხვადასხვა ნაწილში. თქვენ უნდა შეაფასოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და გაარკვიოთ თუ რამდენის დახარჯვას შეძლებთ თქვენს განათლებასა და ცხოვრების ხარჯებზე.

შეარჩიეთ სასურველი სწავლების დონე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა, მოკლევადიანი პროგრამა, ინგლისური ენის კურსი, პროგრამა საზოგადოებრივ კოლეჯში და ა.შ), რათა გაიგოთ მეტი თქვენთვის არსებული სწავლის შესაძლებლობების შესახებ. მნიშვნელოვანია იცოდეთ რომ: დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილმდებარეობას! იმის მიხედვით თუ სად ცხოვრობთ და სწავლობთ ამერიკაში, ბინის ქირის და კვების ხარჯები ძალიან განსხვავდება სხვადასხვა ადგილებში. ყველაზე დაბალი ცხოვრების ხარჯები ძირითადად არის სამხრეთ და შუა-დასავლეთ ამერიკის შტატებში, განსაკუთრებით ამ შტატების გარეუბნებში. თუ გჭირდებათ სწავლის დაფინანსება, სტიპენდიების მოსაძებნად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ბმული<<

მე-3 საფეხური: შეავსეთ თქვენი აპლიკაცია

ეს საფეხური მოიცავს აპლიკაციის ძირითად მოთხოვნებს ამერიკის კოლეჯებში და უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების პროცესი არის საქმე, რომელიც მოითხოვს დროს და კონცენტრაციას, რადგან თითოეული აპლიკაცია არის განსხვავებული და მოითხოვს რეკომენდაციების შეგროვებას, მოტივაციის წერილის დაწერას, სტანდარტიზებული ტესტების ჩაბარებას და მათი შედეგების გაგზავნას უნივერსიტეტებში. იმისათვის რომ მიაღწიოთ წარმატებას ამ საფეხურზე, საჭიროა დაუთმოთ საკმარისი დრო ამ პროცესს. შეარჩიეთ თქვენი სასურველი სწავლების დონე და გაიგეთ მეტი აპლიკაციის შევსების პროცედურებზე.

მნიშვნელოვანია იცოდეთ რომ: ბაკალავრიატზე ჩაბარების მსურველებს, სხვა საბუთებთან ერთად დაგჭირდებათ სკოლის ატესტატის და სკოლის ნიშნების ორიგინალი დოკუმენტები, ამიტომ დაიწყეთ ამ საბუთების მოძიება და მომზადება აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადამდე დიდი ხნით ადრე.

მე-4 საფეხური – საბუთების მომზადება ამერიკის სტუდენტური ვიზის მისაღებად

ეს საფეხური მოიცავს F, J და M სახის სტუდენტურ ვიზებს. ინფორმაცია ამერიკაში მოგზაურობის და ვიზების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის საკონსულო საქმეების ბიუროს ვებ-გვერდზე და ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე სწავლა შტატებში.

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სწავლების დონე და გაიგე მეტი შესაბამისი სტუდენტური ვიზების შესახებ. ინფორმაცია F და M ტიპის ვიზების შესახებ. ინფორმაცია F1 ტიპის ვიზის შესახებ. მნიშვნელოვანია იცოდეთ რომ: რადგან სავიზო ინტერვიუები არის ხანმოკლე, გააკეთეთ თქვენი მაქსიმუმი რათა დაასაბუთოთ, რატომ გსურთ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლა, ასევე თუ როგორ აპირებთ თქვენი სწავლის და ცხოვრების ხარჯების დაფინანსებას უნივერსიტეტში სწავლის დროს და რა იქნება თქვენი გეგმები მას შემდეგ რაც სწავლას დაამთავრებთ.

მე-5 საფეხური – მომზადება ამერიკაში გასამგზავრებლად

ამ საფეხურის მთავარ კომპონენტებს შეადგენს სამოგზაურო საკითხების მოგვარება, გამგზავრებისწინა საორიენტაციო დღეზე დასწრება EducationUSA-ის საკონსულტაციო ცენტრში, ან საორიენტაციო რჩევების მოსმენა ონლაინ რეჟიმში, იმ საჭირო დოკუმენტების მომზადება რაც დაგჭირდებათ ამერიკაში ჩასვლისას, ასევე შეტყობინების გაგზავნა უმაღლესი სასწავლებლისთვის თქვენს ჩასვლასთან დაკავშირებით და საორიენტაციო დღეებზე დასწრება.

შეამოწმეთ თქვენი უმაღლესი სასწავლებლის ვებ-გვერდი, სადაც უფრო დეტალურად იქნება ახსნილი, თუ როგორ მოემზადოთ გამგზავრებამდე, იქნება ინფორმაცია ჯანმრთელობის დაზღვევის, საშუალო ადგილობრივი ტემპერატურის შესახებ წლის განმავლობაში, ადგილობრივი ტრანსპორტის საშუალებების, საცხოვრებელის ვარიანტების და სხვა საინტერესო და საჭირო დეტალების შესახებ.

დაესწარით გამგზავრებისწინა საორიენტაციო დღეს: EducationUSA-ის საკონსულტაციო ცენტრები ორგანიზებას უკეთებენ გამგზავრებისწინა საორიენტაციო დღეებს იმ სტუდენტთათვის, ვინც ემზადებიან ამერიკაში გასამგზავრებლად. EducationUSA-ის კონსულტანტები და კურსდამთავრებულები მოგაწვდიან ინფორმაციას და რესურსებს, რომლებიც დაგეხმარებათ მოემზადოთ ახალი გამოცდილებისთვის და განივითაროთ უნარები ახალ გარემოსთან და გამოწვევებთან შესაგუებლად. საორიენტაციო დღეზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: კულტურული განსხვავებები, მოტივაცია, ახალ გარემოში მოსალოდნელი ცვლილებები, აკადემიური სისტემა და მოლოდინები, საცხოვრებლები, და ახალ გარემოსთან ადვილად შეგუების რჩევები. დაუკავშირდით თქვენთან ახლოს არსებულ EducationUSA-ის საკონსულტაციო ცენტრს და დაესწარით საორიენტაციო დღეს ამერიკაში გამგზავრებამდე.

მნიშვნელოვანია იცოდეთ რომ: EducationUSA-ის საკონსულტაციო ცენტრები ატარებენ გამგზავრებისწინა საორიენტაციო დღეებს იმ სტუდენტთათვის, ვინც მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად. დაუკავშირდით ადგილობრივ ცენტრს ახლავე და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია! იპოვეთ თქვენთან ახლოს არსებული საკონსულტაციო ცენტრი შემდეგ ბმულზე:

რა ხდება როდესაც ჩადიხართ ამერიკაში? შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია ამერიკაში ჩასვლის და საიმიგრაციო სტატუსის შესახებ: https://studyinthestates.dhs.gov/getting-to-the-united-states ასევე ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ იპოვოთ ღონისძიებები, რომელთა ორგანიზებაც ხდება ამერიკის უნივერსიტეტების მიერ და საინტერესო რჩევები, რაც დაგეხმარებათ ამერიკის უმაღლესი განათლების სისტემაში უკეთ გარკვევაში: https://educationusa.state.gov/find-event

აქვე, გთავაზობთ სტატიას, სადაც განმარტებულია ა.შ.შ-ში საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის წესები და ზოგადად განათლების მიღების სტრუქტურა.

გისურვებთ წარმატებას!

1წყარო და 2წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.