საქართველოს პარლამენტმა ამანათის განბაჟების მარჟა 500 ლარამდე აწია

amazonnnპარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ევროპული საქართველოს ინიციატივას, გაიზარდოს საფოსტო გზავნილების განბაჟების მინიმალური ზღვარი 500 ლარამდე.

ინიციატივა ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა დღეს წარუდგინა კომიტეტს.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, თუ გამოწერილი საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატება, ის განბაჟებას ექვემდებარება. ეს დღევანდელი კურსით $112 დოლარის ტოლფასია. ახალი რეგილაციით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ განუბაჟებლად გამოიწერონ $187-ის ღირებულების საქონელი.

ევროპულმა საქართველომ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტს მესამედ წარუდგინა. გიორგი კანდელაკის თქმით, ამის მიზეზი ლარის გაუფასურების გამო საკითხის გაზრდილი აქტუალობაა.

“საკითხი კარგად ნაცნობია, ამას აწყდება ყველა მოქალაქე, რომ ლარის გაუფასურების გამო რაიმეს პირადი მოხმარებისთვის გამოწერას ფაქტობრივად აზრი დაეკარგა” – განუცხადა კანდელაკმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს.

გასული წლების მანძილზე, ქართველი ინტერნეტმოვაჭრეები ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მნიშვნელოვნად დააზარალა. 2012 წელს 180$-იანი ამანათის გამოწერა იყო შესაძლებელი დამატებითი ღირებულების გადასახადის 18%-ის დამატების გარეშე. დღევანდელი მოცემულობით, დღგ-ს გადახდა ინტერნეტმოვაჭრეებს უკვე 112$-ზე ძვირი საქონლის გამოწერის შემთხვევაში უწევთ.

ევროპული საქართველო გეგმავს, რომ შემდეგი მოსმენისას მინიმალური მარჟის ოდენობა კიდევ უფრო მეტად აწიოს. გიორგი კანდელაკის თქმით, მეორე მოსმენაზე პარლამენტს შესთავაზებს, მინიმალური მარჟა 600 ან 700 ლარამდე გაიზარდოს.

განბაჟების 300-ლარიანი ლიმიტი 2009 წლის 10 აგვისტოს დადგინდა; იქამდე 2007-2009 წლებში საფოსტო გზავნილების განბაჟების 1500-ლარიანი ლიმიტი მოქმედებდა. შესაბამისად, 1500 ლარამდე ღირებულების გამოწერილი საქონელი გადასახადისგან იყო გათავისუფლებული. ლიმიტი ხუთჯერ მას შემდეგ შემცირდა, რაც ქვეყანაში ონლაინშოფინგი გახდა პოპულარული.

Facebook Comments